Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“GeGeCandy”  - ქართული ჩურჩხელა გერმანიაში

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თამარ კბილაძისა და დოქტორ ლორენც ბორგმანის სასწავლო კურსის - ,,საერთაშორისო ბიზნეს სიმულაცია’’ ფარგლებში კობლენცის უნივერსიტეტის (გერმანია) სტუდენტებმა კომპანია “GeGeCandy” დააფუძნეს. პროექტი იმდენად ინოვაციური და წარმატებული აღმოჩნდა, რომ მისით გერმანული მედია დაინტერესდა.  კომპანიის სახელწოდება, რომელიც თავად სტუდენტებმა შეარჩიეს, იშიფრება როგორც “ქართულ - გერმანული ტკბილეული” - “German-Georgian-Candy”. 

 

სასწავლო კურსის ფარგლებში, რომელიც თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავდა, სტუდენტებმა მიზნად დაისახეს ქართული ტკბილეული ,,ჩურჩხელა” გაეცნოთ გერმანელი მევენახეებისთვის აჰრის ხეობაში (გერმანია) და დაეკავშირებინათ ისინი ქართველ მეწარმეებთან. პროექტის მონაწილე სტუდენტები შეხვდნენ ღვინის ქარხნების, რესტორნების წარმომადგენლებს. ამ ეტაპზე, სტუდენტურ პროექტს პირველი დადებითი გამოხმაურება უკვე მოჰყვა მევენახეებისგან და მეწარმეებისგან, რომლებისც თავისი პროდუქტების და შეთავაზებების სიაში შეტანით დაინტერესდენენ. პროექტი გერმანელ მევენახეებსა და ქართულ ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის დაწყებას ითვალისწინებს.

 

“სასწავლო კურსი აერთიანებდა როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულს. სტუდენტებს რასაც ვასწავლიდით თეორიულ ნაწილში, პარალელურად ვნერგავდით პრაქტიკაში. შესაბამისად, სტუდენტებმა დააფუძნეს კომპანია, შექმნეს სხვადასხვა პოზიციები, სადაც ასაქმებდნენ კადრებს, გაწერეს კომპანიის სტრატეგიული, ოპერაციული, მარკეტინგული გეგმები, დადიოდნენ ბიზნეს შეხვედრებზე, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტებისთვის,”- აღნიშნა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ასისტენტ პროფესორმა თამარ კბილაძემ. მისი თქმით, სასწავლო კურსი არჩეული ჰქონდათ არა მხოლოდ გერმანელ სტუდენტებს, არამედ, პროექტში ჩართულები იყვნენ სტუდენტები იტალიდან, ინდოეთიდან, ესპანეთიდან და სამხრეთ კორეიდან. 

 

თსუ ასისტენტ პროფესორი კობლენცის უნივერსიტეტში ერასმუსისა და დაადის პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა. თამარ კბილაძე შემოდგომის სემესტრში "International Business და International Studies 2" ასწავლიდა.  ეს იყო მისი რიგით მეორე ვიზიტი კობლენცის უნივერსიტეტში. მანამდე ამავე უნივერსიტეტში 2019 წლის შემოდგომის სემესტრშიც ასწავლიდა. 

 

აღნიშნულ სასწავლო კურსთან და პროექტთან დაკავშირებით თსუ ასისტენტ პროფესორთან ინტერვიუ ჩაწერა გაზეთმა ''General Anzeiger Bonn'' - მა, ინტერვიუ ორ ნაწილად გაიყო და შესაბამისად გაზეთის  ორ სხვადასხვა გამოცემაში (ნომერში) დაიბეჭდა. https://ga.de/region/ahr-und-rhein/remagen/remagener-studierende-wollen-georgische-suessigkeit-in-gastronomie-etablieren_aid-80266537. ასევე, სტატია დაიბეჭდა გაზეთ Remagener-ში. რომლებსაც დაინტერესებულ მკითხველს ვთავაზობთ. 

 

 

 

 

 

 

თარიღი: 08/12/2022